თუკი ჭურჭლის კარადაში გაქვთ "ემბიშენ ჯუნიორის" ფირმის საბავშვო ჭურჭელი, სასწრაფოდ მოიშორეთ. ევროკავშირის შესაბამისმა სამსახურებმა მასში მძიმე მეტალი, ტყვია აღმოაჩინეს. სწრაფი განგაშის სისტემით კი, გზავნილი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.
საქართველოში ჭურჭელი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის, მაგრამ ხარისხი შემომტანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. რას შეიცავს ჭურჭელი, ეს უმეტეს შემთხვევაში უცნობია როგორც გამყიდველისთვის, ისე მყიდველისთვის.
უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ პოლონური კომპანიის მიერ, ჩინეთში წარმოებული საბავშვო ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ეს ბრენდი საქართველოში როგორც ბრენდულ, ისე მცირე და ონლაინ მაღაზიებში იყიდებოდა. ჭურჭელი გაყიდვიდან უკვე ამოიღო მაღაზია "დომინომ".
მძიმე მეტალი, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა საბავშვო ჭურჭელში აღმოაჩინეს, საკმაოდ მძიმე დაავადებებს იწვევს, განსაკუთრებით ბავშვებში.
საქართველოში ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევამ, გარდა ჭურჭლისა, ტყვიის შემცველობა დაადასტურა სათამაშოებში, სამშენებლო მასალებსა და სუნელებში.