ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. 42 წლის ანდერს ბრეივიკი, რომელიც სასჯელს ნორვეგიის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის, ვადის შემცირებას ითხოვს.
პატიმარი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა, სამოთახიან საკანში ცხოვრობს, მას საშუალება აქვს ითამაშოს ვიდეოთამაშები, უყუროს ტელევიზორს, ივარჯიშოს და კოლეჯის კურსებსაც დაესწროს.
არასამთავრობო ორგანიზაცია Borgen Project-ში ამბობენ, რომ ასეთი პირობები ნორვეგიის სასჯელაღსრულების სისტემისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უწყება რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული და არა სასჯელზე. ანგარიშის მიხედვით, ნორვეგიის ციხეების დიდ ნაწილში არ არის გისოსები, საკნები კი კოლეჯის საერთო საცხოვრებლის ოთახებს ჰგავს.
ნორვეგიაში, ასევე, არ არსებობს სამუდამო პატიმრობა, მაქსიმალური სასჯელი კი 21 წელია, თუმცა არსებობს დანართი, რომლის მიხედვით სამართალდამცველებს ეძლევათ უფლება, კიდევ 5 წელი დაამატონ იმ პატიმრების სასჯელს, რომლებიც, გათავისუფლების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ბრეივიკის თავდასხმებს გადარჩენილები ამბობენ, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ბრეივიკს არ უნდა ჰქონდეს იგივე პრივილეგიები, რაც სხვა პატიმრებს აქვთ.
2011 წელს ანდერს ბრეივიკმა ოსლოში ბომბი გაააქტიურა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა. მალევე ის გაემგზავრა კუნძულ უტოიაზე, სადაც საზაფხულო ბანაკში შეკრებილ მოზარდებს ცეცხლი გაუხსნა და 69 ადამიანი მოკლა. მას მაქსიმალური სასჯელი, 21 წელი მიუსაჯეს.