ხვალიდან რუსეთი ევროპის გაზმომარაგებას კიდევ 20 პროცენტით ამცირებს. მიზეზად "გაზპრომი" კომპრესორის სადგურზე ტურბინის მუშაობის შეჩერებას ასახელებს, რასაც აუცილებელი ტექნიკური სამუშაოებით ხსნის.
დასავლეთს მოსკოვის არ სჯერა. ევროპელი ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ გაზის მიწოდების შემცირების მიზეზი არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკურია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზომები უკვე მიიღეს და რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპელი ლიდერები ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყნებს ზამთრის ცივ თვეებში ბუნებრივი აირის მარაგი ექნებათ და მოსახლოებას გაზის საფასური უფრო არ გაუძვირდება.
კრემლს შანტაჟში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს სანქციების მომდევნო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ რაც შეიძლება მკაცრი იყოს.
მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. დიმიტრი პესკოვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ სანქციების გაგრძელების შემთხვევაში ევროპისთვის სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის კიდევ ერთი ტურბინის გაჩერებით ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება. ამ ფონზე ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა მკვეთრად მოიმატა. თუ გასული წლის ამ დროს ევროპაში საათში ერთი მეგავატის ღირებულება 22 ევრო იყო, ახლა იმავე რაოდენობის ბუნებრივი აირის საფასური 166 ევრომდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ რუსეთი ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური ქაოსის შექმნას ცდილობს.
რუსეთმა ივნისში "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა, რომ კანადამ გასარემონტებლად გადაცემული დანადგარი არ დააბრუნა. "გაზპრომის" ტურბინებს გერმანული კომპანია Siemens აწარმოებს, რომლის ტექნიკური მომსახურება კანადაში ხორციელდება. არსებული ვითარების გამო კანადა იძულებული გახდა უკრაინის მოთხოვნის მიუხედავად, სანქციების გვერდის ავლით - მოსკოვს დათანხმებოდა და ტურბინა გაეგზავნა. ეს კრემლის მხრიდან ბუნებრივი იარის იარაღად გამოყენებისა და პანიკის დათესვის უკანასკნელი შემთხვევა არაა. 2 კვირის წინ, ყოველწლიური გეგმური სამუშაოების მიზეზით, "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება 10 დღით შეწყდა.