27 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის, ათობით დასახლებული პუნქტი უკვე ნასახლარს დაემსგავსა - რა ხდება ფრონტის ხაზზე და სად არის ყველაზე მძიმე ვითარება

უკრაინაში ომის დაწყებიდან 153 დღე გავიდა. რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე კვლავ დონბასია, მთავარი აქცენტი კეთდება დონეცკის დასახლებულ პუნქტებზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, გასულ დღე-ღამის განმავლობაში მიტანილი იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოგოროვკაში, სოლედარში და მარიინკაში მოხდა. დონეცკის რეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 642 ადამიანი დაიღუპა, 1 668 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები არ მოიცავს მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულებსა და დაჭრილებს.

რაც შეეხება ლუგანსკის ოლქს რომელიც სრულად ოკუპირებულია, იმისთვის რომ ოლქში გამაგრდნენ, რუსი დამპყრობლები წვავენ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც არ ემორჩილებათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, დამპყრობლები ტოვებენ მხოლოდ ფერფლს როგორც დიდი ქალაქებისგან, ისე სრულიად პატარა დასახლებული პუნქტებისგან.

გამთენიისას ოკუპანტებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ერთ-ერთ დასახლებაზე. დაშავდა ერთი ადამიანი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა. სარდლობის ინფორმაციით, ავიაიერიშები ოდესის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ დასახლებულ პუნქტებზე მოხდა. ამასთან, მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვიტალი კიმის თქმით, დღეს დილით მასშტაბური სარაკეტო შეტევა განხორციელდა მიკოლაევზეც. მომხდარ თავდასხმას მათ შორის ოდესის პორტზე მიტანილ იერიშს მალევე გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა მათი ტაქტიკის გამეორებაა, რომელიც მათ სირიაში გამოიყენეს, როდესაც ჰუმანიტარულ ტვირთს ბომბავდნენ.

დილით თავს დაესხნენ ხარკივსაც, გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რომ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე მორიგ ანგარიშს აქვეყნებს ბრიტანული დაზვერვაც, მათი თქმით, დონბასისა და ხერსონის მიმართულებაზე ბრძოლა ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს, დაზვერვის ანგარიში აღნიშნულია რომ რუსული სარდლობა დილემის წინაშეა, ან გააძლიერებს თავდასხმას აღმოსავლეთით, ან გააძლიერებს თავდაცვას დასავლეთით.

ომი გრძელდება პარტნიორი ქვეყნები კი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ევროკავშირმა უკრაინისთვის მორიგი დახმარების პაკეტი დაამტკიცა ამ შემთხვევაში საუბარია თითქმის ორ მილიარდ ევროზე, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენას და სერვისების განახლებას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას მოხმარდება.


ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები