27 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ - "ოცნებიდან" წასული სამეული პასუხს როგორც დეგნანისგან, ისე ყოფილი პრემიერისგან ელოდება

შედგა თუ არა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა და რა საკითხზე? - უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ამ კითხვაზე პასუხს სთხოვენ ამერიკის ელჩსაც და "ქართული ოცნების" დამფუძნებელსაც. როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ამბობენ, შეკითხვა ლეგიტიმურია, ისევე როგორც მათი ეჭვები ივანიშვილის გავლენის გამოყენების და ქვეყნის ომში ჩართვის სურვილზე.

ელჩის განცხადება, რომ ის ივანიშვილს დიდი ხანია არ შეხვედრია, დეპუტატებისთვის პასუხი არ არის. შეკითხვის ავტორები ამბობენ, რომ ელჩმა უნდა დააკონკრეტოს, შედგა თუ არა შეხვედრა უშუალოდ 24 თებერვლის - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ შეხვედრა კელი დეგნანსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნამდვილად შედგა. ნაწილი კი ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით საპირისპიროს ამტკიცებს.

გაიმართა თუ არა შეხვედრა და რა მოტივით - "ქართული ოცნების" წევრები საკითხის შინაარსში არ შედიან. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელების შეკითხვა მკაფიო პასუხებს საჭიროებს.

კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. კონკრეტული კითხვით მათ ამერიკის ელჩს ღია წერილითაც მიმართეს. პასუხს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ახლა უკვე პარტიის დამფუძნებლისგანაც ითხოვენ.



დღის ამბები