გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ქალი სახლში მამასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ოკუპანტების სპეცსამსახურები მათთან შტურმით შევიდნენ. ვიდეომასალას, სადაც საქართველოს მოქალაქის დაკავებაა ასახული, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს. ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. ხელისუფლება ქრისტინე თაკალანძეს ჯაშუშობას აბრალებს. უკანონოდ დაკავებულ 24 წლის ქალს დე ფაქტო მთავრობა ქართული მხარის სასარგებლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში ინფორმაციის შეგროვებას ედავება.
ვიდეოში ქალის სახლიდან ამოღებული ნივთებიც ჩანს. ის, რაც ე.წ. გამოძიებისთვის ნივთმტკიცებას წარმოადგენს, თუმცა ოკუპანტი რეჟიმის გავრცელებულ კადრებში დანაშაულის მტკიცებულებად ნაჩვენებია პირადი დოკუმენტი, საბანკო ბარათები და ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი, სადაც მას მედიკამენტების შეძენას სთხოვენ.
ის, რასაც ოკუპანტები ქართველ ქალს აბრალებენ, მიუღებელია ქრისტინე თაკალანძის ოჯახისთვის. ახლობლები ამბობენ, რომ გოგონა ზუგდიდში სწავლობდა და სპეცსამსახურებთან შეხება არასოდეს ჰქონია.
უდანაშაულო ქალის დაკავების შესახებ ზუგდიდში მცხოვრებმა ნათესავებმა ტელევიზიით შეიტყვეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული სპეცოპერაციის კადრების ნახვა კი, მათთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქრისტინე თაკალანძეს ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.
დაკავების ფაქტი დღეს ოფიციალურმა თბილისმაც დაადასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით დე ფაქტო რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი უკანონობის შესახებ ინფორმირებულები არიან პარტნიორები და გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
ქრისტინე თაკალანძე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ამ დრომდე არავინ იცის, როდის დააღწევს თავს ახალგაზრდა ქალი ოკუპირებული აფხაზეთის იზოლატორს. გამოგონილ ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.