27 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღის წესრიგის სათავეში რჩება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა რჩება დღის წესრიგის სათავეში ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება - "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პარალელური პროცესის დაწყების გამო, კრიტიკას არ იღებენ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო სესია, კომიტეტები და სასესიო დარბაზი. ეს არის ის ადგილი, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს აუცილებლად უპირველესი წყარო 12 პუნქტის განხორციელების. რაც შეეხება პარალელურ პროცესს, ეს არ იყო პარალელური პროცესი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს იყო საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასთან", - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.

პარტიებში აცხადებენ, რომ ეს არა ალტერნატიული, არამედ სამუშაო ფორმატია, სადაც მესამე სექტორთან განიხილავენ იმ საკანონმდებლო პროექტებს, რომელიც 12 პუნქტის შესასრულებლად აუცილებელია.

"ოპოზიციამ სესია მომიწვია, კომიტეტის სხდომები მოიწვია, განრიგი გააკეთა, კანონპროექტები დაწერა. ვცდილობთ კი არა, საოცარი მცდელობა გვაქვს იმის, რომ რეალური სამუშაო პროცესი იყოს კომიტეტებში და იმ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული, რაც უნდა იყოს პარლამენტში. ამ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებს "ქართული ოცნება". ჩვენი პროცესი არის გაცილებით ინკლუზიური, დავდივართ ყველა ფორმატში, გარდა საპარლამენტო ფორმატისა, რაც გვაქვს და არის შედეგზე, საქმეზე ორიენტირებული", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციის ეს ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს ისევ რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს.

"ვისურვებდი, რომ შალვა პაპუაშვილი გამოვიდეს "ქართული ოცნების" სპიკერის ნაჭუჭიდან და გადაიქცეს პარლამენტის თავმჯდომარედ. "ქართული ოცნება" ყოველწუთიერად, როდესაც რიგგარეშე სესია მიწვეული არ არის, არღვევს კონსტიტუციას და ყველაზე მეტად ეს არის შალვა პაპუაშვილის იმიჯზე ძალიან დიდი შავი ლაქა", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები