27 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას, ტერორის ერთ-ერთი ფორმა უწოდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას, ტერორის ერთ-ერთი ფორმა უწოდა და მოუწოდა ევროკავშირს, ამ შანტაჟს უფრო შესაბამისი სანქციებით უპასუხოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟი შეიძლება გახდეს სტიმული, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი იყოს უფრო მკაცრი.

"დღეს, ჩვენ ვიხილეთ ევროპის მისამართით გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარები. "ჩრდილოეთ ნაკადისთვის" ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, როგორც ეს ხელშეკრულებით ევალება. რუსეთი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს ზამთრისთვის მომზადება გაუჭირდეთ.

ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ხალხს, როგორ დაიტანჯებიან ისინი – პორტების ბლოკირებით გამოწვეული შიმშილით, ზამთრის სიცივისა და სიღარიბისგან, თუ ოკუპაციისგან - ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმაა. მივიღე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები. კერძოდ, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ასევე უხელმძღვანელებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებულ დაზვერვის კომიტეტს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ახალ მეთაურად გენერალი ვიქტორ ხორენკო დაინიშნა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები