27 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

ბავშვები, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს დედაქალაქში ატარებენ, გაგრილების სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მაღალი ტემპერატურის დროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ სხეულის გაგრილებაა. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები ხანდაზმულებთან და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებთან ერთად, მაღალ რისკს მიეკუთვნებიან, ამიტომ ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სითხის მიღებას სპეციალისტები სავალდებულოდ მიიჩნევენ.

ასთმა, დიარეა, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების პრობლემები – პედიატრები ამ დაავადებების მქონე ბავშვების განსაკუთრებულ მეთვალყურეობაზე საუბრობენ. ეკა უბერის თქმით, ზაფხულში ინფექციური დაავადებებით კლინიკებში მომართვიანობა იმატებს.

მაღალი ტემპერატურის დროს, კანის დაავადებების საფრთხეც იმატებს, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციაა, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. დერმატოლოგი ზაზა თელია როგორც რუჯის მოყვარულებს, ისე ბავშვებს და მათ მშობლებს მზის დამცავის გამოყენების აუცილებლობას ახსენებს. სხეულის გრილად და ტენიანად შესანარჩუნებლად სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად მივიღოთ შხაპი, ქუჩაში გასვლისას ვატაროთ ღია ფერის სამოსი, თან ვიქონიოთ ქუდი და მზის სათვალე.

გაცემულ რეკომენდაციების მოქალაქეების ნაწილი იზიარებს. ამბობენ, რომ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში სახლში იმყოფებიან და ბავშვებს მხოლოდ სკვერში ასეირნებენ.

სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ მატებას აგვისტოში ელოდებიან, სპეციალისტები კი მოქალაქეებს გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.


დღის ამბები