მსოფლიო საექსპერტო ჯგუფი "მაიმუნის ყვავილის" გავრცელების მასშტაბებმა და მოსალოდნელმა საფრთხეებმა შეაშფოთა. ვირუსი იმ დაავადების კატეგორიაში შეიყვანეს, რომელიც გლობალურ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოებს. ორ თვეში ვირუსი 75 ქვეყანაში გავრცელდა და ლაბორატორიულად 16000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დაინახა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გაფრთხილების უმაღლესი დონეა, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება მარტივად გადამდებია ან ლეტალურ შემთხვევებს ზრდის. ამბობენ, რომ დროული მობილიზება ქვეყნებში უფრო მეტ კოორდინირებულ, გლობალურ რეაგირებას მოითხოვს.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს და პანდემიის სახე მიიღოს. ამბობენ, რომ დაავდების გავრცელებას კორონავირუსისგან განსხვავებით, აგრესიული სახე არ ექნება, თუმცა საზოგადოებას მოუწოდებენ სერიოზულად მოეკიდონ უკვე დაწყებულ ეპიდემიას.
"მაიმუნის ყვავილმა" 60 წლის შემდეგ გაარღვია ენდემური კერა და უცებ გავრცელება დაიწყო. ინფექცია თავდაპირველად თავის, კუნთებისა და ზურგის ტკივილით იწყება, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურაც. დაავადების კულმინაცია და გართულებული ფორმა სხეულზე წყლულოვანი გამონაყარით არის გამოხატული. დღეისათვის "მაიმუნის ყვავილით" გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა მხოლოდ აფრიკაში, ძირითადად, ნიგერიასა და კონგოში, სადაც ვირუსის უფრო საშიში ვერსია ვრცელდება.