27 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის ნაწილი ალტერნატიულ პროცესს იწყებს - მმართველ გუნდის თქმით, ოპონენტების ქმედებები პროცესს აზიანებს და ეს გამიზნულად კეთდება

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიცია მმართველი პარტიის შეთავაზებულ გეგმას არ იზიარებს და ალტერნატიულ პროცესს იწყებს. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში უკვე მოქმედ სამუშაო ჯგუფებს არ უერთდება და საშემოდგომო სესიისთვის კონკრეტული კანონპროექტების შექმნას აპირებს.

ოპოზიციის გეგმა, მაშინ როდესაც უკვე არსებობს სტრატეგია რეკომენდაციების შესასრულებლად, გაუგებარი და მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტების ქმედებები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს და ოპოზიცია ამას გამიზნულად აკეთებს.

პროცესის არაინკლუზიორობაზე საუბრისას ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას პარტია "გირჩში" და იხსენებენ ევროპარლამენტარების თბილისში ვიზიტს. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, როგორც "გირჩის" წევრები ამბობენ, მხარეებს შორის თანამშრომლობისკენ მოწოდება იყო. ამ ფონზე, პარტია კოლეგების მხრიდან დამოუკიდებელი პროცესის დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამუშაო პროცესის იმიტირებას ცდილობენ. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის გეგმას არ ენდობიან და ოპონენტებს პარლამენტში უკვე არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ ხვალ, სამი თემატური შეხვედრა ჩანიშნა. პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება იმ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების საქმიანობაც, რომელშიც არასამთავრობო სექტორთან და მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის ნაწილიც მონაწილეობს.

დღის ამბები