წელიწადში 12 000 მსურველი და 600 იღბლიანი - შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა მზარდია. უბნის ინსპექტორი, მართლწესრიგის ოფიცერი, გამომძიებელი, პატრულის თანამშრომელი - ოთხთვიანი კურსი მრავალფეროვანია. იქ მოხვედრა 18 წელს მიღწეულ ნებისმიერ პირს შეუძლია. მთავარი შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა.
4 თვის განმავლობაში მსმენელები სწავლობენ კანონს. ფსიქოლოგის დახმარებით ეუფლებიან ეფექტურ კომუნიკაციას არასრულწლოვანთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან, სპეციალური საჭიროების მქონე პირთან. კვირაში ორჯერ, გადიან ფიზიკური მომზადების სპეციალურ კურსს, ე.წ. კროსფიტის სისტემით.
აკადემიის მსმენელი სარგებლობს სოციალური პაკეტით და იმ საპოლიციო დანაყოფის ხელფასის ნახევარს იღებს, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობას გააგრძელებს. იქნება ეს უბნის ინსპექტორი, მართლწესრიგის ოფიცერი, პატრულის თანამშრომელი, გამომძიებელი თუ მეხანძრე–მაშველი.