ომის 150-ე დღეს რუსეთის სამიზნე დონეცკის ოლქი და სამოქალაქო ობიექტი გახდა. კასეტური ბომბებისგან დაზიანებული სახლის ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. საჰაერო თავდასხმისას ცხრა ადამიანი დაშავდა, არიან გარდაცვლილებიც. კასეტურმა ბომბებმა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ხერსონის სოფლების ნაწილის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინა იერიშს არ წყვეტს. ჯარები რუსების ოკუპირებული მიწიდან განდევნას თითქმის 60 საათიანი უწყვეტი მძიმე შეტაკებებით ცდილობენ. თავის მხრივ კი, უკრაინელთა შეტევის შესაჩერებლად, რუსული დანაყოფები საარტილერიო ცეცხლის გამოყენებას ცდილობენ.
აგრესორი აწამებს, უკანონოდ აკავებს და აქრობს მშვიდობიან მოქალაქეებს - ეს Human Rights Watch-ის უმძიმესი განცხადებაა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსები ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ოლქებში აწამებენ ომის ტყვეებსაც. კვლევის მიხედვით, უკრაინელები ყვებიან, როგორ გახდნენ წამების მსხვერპლნი ან თვითმხილველნი. საუბრობენ ელექტროშოკით წამებაზეც. ასევე სხეულის მრავლობით მძიმე დაზიანებებზე. მათ შორის გატეხილ ნეკნებზე, ძვლებსა და კბილებზე. რიგ შემთხვევაში ყვებიან მძიმე დამწვრობებზეც.
დღე-ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა მიკოლაევშიც. უკრაინელმა დამცველებმა მტრის შტურმი მოიგერიეს ვერხნეკამენსკისა და სევერსკის მიმართულებებით.
რუსეთი კვლავ აგრძელებს ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების ყოველდღიურ დაბომბვას. მტერი ცეცხლს მათ ხელთ არსებული ყველა საბრძოლო ტექნიკიდან ხსნის.
აგრესორების სამიზნედ კვლავ რჩება ხარკოვი. ქალაქის ცენტრი რამდენიმე დღეა პერიოდულად იბომბება. მტრის სამიზნე ხარკოვის ცენტრია. კონკრეტულად კი, რაკეტებს მტერი ტრანსპორტის გაჩერებებს უმიზნებს. შესაბამისად მსხვერპლი აქაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. იბომბება ოდესის ოლქიც.
მძიმე შეტაკებების პარალელურად უკრაინა აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების ნელ-ნელა დაბრუნებას.