უკრაინაში ომის 150-ე დღეა. რუსეთი უკრაინული ტერიტორიების დაბომბვას აგრძელებს.
9 ადამიანი დაშავდა დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
შეტევა სამოქალაქო ობიექტზე განხორციელდა, კასეტურმა ბომბებმა 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა მიკოლაევში. აგრესორების სამიზნეა ხარკოვის ცენტრიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ უკრაინელები თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ.
"ვოლინის, პოლისის და სივერის მიმართულებებით, ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მტერი აგრძელებს ჩერნიგოვის რაიონის სოფლების დაბომბვას. კრამატორსკის მიმართულებით მტერი რამდენიმე ლოკაციას დაესხა თავს.
უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა ვერხნოკამიანსკისა და სივერსკის მიმართულებით. მტერმა კვლავ შეუტია, პოკროვსკის მიმართულებით და ვუგლეგირსკის თბოსადგურის ტერიტორიას, თუმცა კვლა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.
სამხრეთ ბუზკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ოკუპირებული პოზიციების დაცვას. ისინი კონცენტრირებული არიან, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შეკავებაზე. უკრაინის საავიაციო- სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფები წარმატებით აგრძელებენ ოპერაციებს მტრის საწყობებსა და ოკუპანტებისთვის სხვა მნიშვნელოვან ადგილებზე,"- აცხადებს სტუპუნი.
ოდესის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი აცხადებს, რომ უკრაინული საბრძოლო ძალები სამხედრო მოქმედებებს აგრძელებენ.
ღამემ ოდესაში და რეგიონში საჰაერო გამაფრთხილებელი სიგნალების ქვეშ ჩაიარა. ჩვენი თავდაცვის ძალები აგრძელებენ საბრძოლო დავალებების შესრულებას. ნუ დაივიწყებთ სარაკეტო დარტყმის გარე საფრთხეს, ის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, რადგან შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის ფლოტია. ყურადღებით იყავით საჰაერო განგაშის სიგნალთან და არ დაივიწყოთ ნაღმების აფეთქების საფრთხეც,"- აცხადებს ბრატჩუკი.