3 კილო კოკაინის შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, 27 წლის ქალს სამგზავრო ჩანთაში მოწყობილი ჰქონდა სამალავი, სადაც ნარკოტიკულ ნივთიერებას ინახავდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა რა იდო ჩანთაში, ვინაიდან მას სან-პაულოს აეროპორტში ერთ-ერთმა პიროვნებამ ჩანთის თბილისში წაღება და სხვისთვის გადაცემა სთხოვა.
27 წლის უკრაინელი ქალის ადვოკატმა მოსამართლეს ორი შუამდგომლობით მიმართა. ერთ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ხოლო რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, ადვოკატმა მოსამართლეს 1000 ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"მას სან-პაულოში პიროვნებამ მიაწოდა გარკვეული ბარგი და უთხრა, რომ მას თბილისში ამა და ამ დროს შეხვდებოდა გარკვეული პიროვნება და გადასცემდა მას. კატეგორიულად ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო იქ რომ ნარკოტიკული საშუალება იყო.
შემდეგ კვირაში ვაპირებ შევხვდე მას და უკვე პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ,“ - ამბობს დაკავებულის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი, ვახტანგ ცალუღელაშვილი ამბობს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
"საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებული საქართველოში გამოემგზავრა ბრაზილიიდან. მან გამოძიებას ჩვენება არ მისცა, გამოიყენა დუმილის უფლება, შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაუდგენელია მისი დანაშაულებრივი კავშირები, თუ ვისთვის და რა ვითარებაში უნდა გადაეცა მას ეს ნივთიერებები,“ - ამბობს პროკურორი.