ამერიკის შეერთებული შტატების, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის განცხადებით, რუსეთი უკრაინის კონფლიქტში პროდუქტებს იარაღად იყენებს. ნედ პრაისის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინული მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას, თუმცა როგორც სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, უმთავრესი საკითხი მაინც რუსული არმიის მიერ, უკრაინული პორტების დატოვებაა.
"ფაქტია, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში პროდუქტებს იარაღად იყენებს. მათ გაანადგურეს სასოფლო-სამეურნეო ობიექტები, მათ ხელი შეუშალეს მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის მოხვედრას მათთან, ვისაც ეს სჭირდება.
მივესალმებით მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ის, რაზეც ახლა ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, არის რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრება ამ შეთანხმების განხორციელებისთვის და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრისთვის. რასაც განსაკუთრებულად ველით და რაც რუსეთის პასუხისმგებლობაშია, არის უკრაინის პორტების დატოვება",- განაცხადა ნედ პრაისმა.