27 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
რუსეთთან ომში კიევი თბილისისგან უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა - ვინ როგორ აფასებს უკრაინელი დიპლომატის განცხადებას

კიევი თბილისით ისევ უკმაყოფილოა და რუსეთთან ომში საქართველოსგან მიღებული მხარდაჭერით იმედგაცრუებას გამოხატავს.

უკრაინელმა დიპლომატმა დღეს ღიად განაცხადა, რომ ქართველი პარტნიორებისგან საომარი მოქმედებების დროს უფრო მეტ აქტიურობას ელოდა.

"სამწუხაროდ, ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებსა და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა,"- აცხადებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრიი კასიანოვი და ქვეყანას იმ დახმარებას ახსენებს, რომელიც კიევმა ომში მყოფ საქართველოს გაუწია.

უკრაინელი დიპლომატის არადიპლომატიური განცხადება მმართველმა გუნდმა საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობად აღიქვა. ოფიციალური კიევის წარმომადგენელს "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ისინი ქვეყანაში ომს არ დაუშვებენ.

რადგან უკრაინელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა თავდაცვის მიმართულებით პრაქტიკულ თანამშრომლობაში, ეს ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილში "ქართული ოცნებისგან" განსხვავებულად გაიგეს. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს შეეძლო და შეუძლია არა სამხედრო მოქმედებებით, თუმცა სხვა სახის პრაქტიკული დახმარება გაუწიოს.

საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო ის სივრცე, სადაც საგარეო საკითხებში უკრაინის დროებითმა წარმომადგენელმა რუსეთთან ომის პირობებში საქართველოს, როგორც პარტნიორის პოზიცია გააკრიტიკა. თუმცა კრიტიკის გარდა კასიანოვმა აგრესიის შეკავების, ორი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებით დასრულების იმედიც გამოთქვა.

დღის ამბები