27 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
როცა ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, ასეთ დროს საზოგადოებას კიდევ უფრო უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში - ირაკლი კობახიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებას, სადაც ნედ პრაისმა განაცხადა, რომ დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე პარტნიორებს შორის კომუნიკაციას არ შეესაბამება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლისგან აშშ-ის ელჩის მიმართ თავდასხმა არ ყოფილა, იყო მხოლოდ შეკითხვები საჯარო დისკუსიის საგნად ქცეულ თემებზე:

"ნედ პრაისის კონფერენციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ, თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ, არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან 2 თემაზე, საუბარი არ მაქვს სხვების კითხვებზე, პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმად. ასევე მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგის, მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა, ერთია რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ჩვენ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როგორც კი ხდება ეს საკითხები საჯარო დისკუსიის ნაწილი, მაგალითად რამდენად ემიჯნება, თუ არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ, როდესაც ეს კითხვები ისმება, ბუნებრივია, ამის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ელჩის მხრიდან პასუხების მიღება და აქაც გაჩნდა ჩვენი მხრიდან გარკვეული შეკითხვები.

როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროდ  ეჭვებს აღრმავებს. ეს არ არის არავითარ შემთხვევაში თავდასხმა, შეკითხვებს მარტივად შეიძლება პასუხი გაეცეს და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. თუმცა  პრობლემა რა არის - როცა ელჩი პასუხს არ სცემს შეკითხვებს, ასეთ დროს საზოგადოებას კიდევ უფრო უღრმავდება ეჭვები და ეს არის საშიში, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯაროდ დასმულ შეკითხვებს- ეს ეხება მოსამართლის თემას, ომის რიტორიკისგან გამიჯვნას, მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს. იგივე ეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით, როდესაც კითხვა ისმება, თუ რამდენად შეხვდა ომის შემდეგ ელჩი ბიძინა ივანიშვილს, აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პასუხის მოსმენა, თუმცა დღეს ვერ მოვისმინეთ. არის გარკვეული შეკითხვები, რომელიც ისმება არა ჩვენი მხრიდან, ჩვენ არ ვართ ამის ინიციატორები, არის მოსამართლე, არის პარლამენტარი და ისინი სვამენ შეკითხვებს და როდესაც ეს შეკითხვები უკვე ხდება საზოგადოების დისკუსიის ნაწილი, ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა არის მნიშვნელოვანი და ვერცერთი შესაბამისი განცხადება ვერ შეფასდება თავდასხმად. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც  უცხოელი კოლეგების მხრიდან კრიტიკა, მათ შორის უსამართლოც, უნდა შეფასდეს როგორც კრიტიკა და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვებიც კი ფასდება როგორც თავდასხმა, რაც არაა სამართლიანი, აქ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ,

დღის ამბები