27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში - როგორ აპირებს მთავრობა 12 რეკომენდაციის შესრულებას და რატომ არ იღებს ოპოზიციის ნაწილი ბრიუსელის რჩევებს

ევროპელი დეპუტატი უკვე მეორე დღეა იმის გარკვევას ცდილობს, რას და როგორ აპირებენ ქართველი პოლიტიკოსები იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა რომ სტატუსის მიღების წინაპირობაა - ეს პარტნიორების მთავარი გზავნილი იყო დღესაც.

დელეგაციის ხელმძღვანელმა დევიდ მაკალისტერმა, ქართველ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ევროპული მისიის შესასრულებლად ერთი მაგიდის გარშემო უნდა დასხდნენ. 

გზავნილები მოისმინეს, თუმცა ევროპელი კანონმდებლობის მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე ისევ უარს ამბობს. ისინი ფორმატებს იწუნებენ. მათთვის პრინციპულია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა მხოლოდ საკომიტეტო და პლენალური სხდომების ფორმატში გაიმართოს.

ოპოზიციის მეორე ნაწილს კი, ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში საკუთარი კოლეგების არ ესმის. მიაჩნიათ, რომ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში ნებისმიერ ფორმატში უნდა დაიწყოს. თუმცა იმედი აქვთ, რომ პოლიტიკური პარტიების დონეზე თუ არა, კონკრეტული დეპუტატები მაინც მიიღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.

მმართველი გუნდის ლიდერები კი, პირობას დებენ, რომ ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება და ოპონენტებს ევროპელი კანონმდებლების მოწოდების გათვალისწინებასაც კიდევ ერთხელ ურჩევენ. მათი თქმით, ევროპარლამენტარებმა საქართველოში ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურეს მხარდაჭერა და ისიც, რომ საშინაო დავალების შესრულების შემდეგ, საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს.

ევროპარლამენტარები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ, ვიზიტი კი საოკუპაციო ზოლის დათვალიერებით დაასრულეს. კანონმდებლები სოფელ ოძისში ჩავიდნენ. ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მათ ადგილზე გააცნეს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. ევროპარლამენტარები რუსეთის აგრესიის შედეგებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ. გამყოფი ზოლიდან მათ სოფელ ახმაჯში განთავსებული რუსული ბაზები, საკუთარი თვალით ნახეს.

დღის ამბები