27 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ამერიკის ელჩის წინააღმდეგ - რაში სდებენ ისინი ბრალს დიპლომატიურ მისიას და რატომ ითხოვს "ოცნება" ამერიკის ელჩისგან დეტალურ განმარტებას

წარსულში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა არამოსამართლე წევრმა, საკუთარი პოზიცია საერთო განცხადებაში ჩამოაყალიბა და თქვა, რომ ჩხიკვაძის მაგალითი შესაძლოა გზავნილი იყოს სხვა მოსამართლეებისთვის. ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი ღიად ამბობენ, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის კევინ ბრუკის დამოკიდებულება მოსამართლეებზე "ირიბ" ზეწოლადაც შესაძლოა შეფასდეს. განცხადების ავტორები აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს უშუალო შეხება აქვს მოსამართლეებთან და საქალაქო სასამართლოში მისთვის სამუშაო სივრცეც გამოყოფილია. საერთო განცხადების ხელმომწერები ინტერესდებიან, დაისაჯა თუ არა მოსამართლე ჩხიკვაძე ამერიკაში სასწავლო პროგრამით გამგზავრებაზე უარის თქმით.

ამერიკის ელჩს შეკითხვების ავტორებისთვის დღეს არ უპასუხია, თუმცა კელი დეგნანმა მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სკანდალი არაფრისგან შეიქმნა და მომხდარს გარკვეული პირები არასწორად წარმოაჩენენ.

მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებაზე ამერიკის საელჩოს და ელჩის მხრიდან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ მმართველი პარტიის ლიდერები.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ის ელოდა, რომ ელჩის მხრიდან ამ ინფორმაციის უარყოფა მოხდებოდა.

საერთო განცხადების ავტორებს კითხვები აქვთ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობასთანაც. აინტერესებთ, რატომ არ გამოეხმაურნენ საბჭოს მოქმედი წევრები მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას. წერილის ხელმომწერები იმასაც განმარტავენ, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე ზრუნვას, საბჭოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 44-ე მუხლი ავალდებულებს. იუსტიციის საბჭომ ყოფილ კოლეგებს დღეს არ უპასუხა.

წერილის ავტორები, მოსამართლეების დამოუკიდებლობის დასაცავად, კანონში ცვლილებების ინიციატივითაც გამოდიან.

კანონის გამკაცრებაში გამოსავალს ვერ ხედავენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, პრობლემა ის არის, რომ მოსამართლეები ვერ აღიქვამენ ობიექტურად კრიტიკას, რომელიც მათი მისამართით ისმის. პარტიების ნაწილი იუსტიციის საბჭოს სამი ყოფილი წევრის განცხადებას ანტი-დასავლური კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

კანონში ცვლილებების მოტივი, თუ სასამართლო სისტემის კიდევ უფრო მეტად დაცვა იქნება, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

კანონში ცვლილება იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრების მხრიდან, ჯერ მხოლოდ იდეის სახით გაჟღერდა, თუმცა წერილის ავტორები ამბობენ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის საკითხზე, საბჭოს რეაგირებას დაელოდებიან, შემდეგ კი არ გამორიცხავენ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოსაც მიმართონ.

დღის ამბები