27 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
უმაღლესი დონის შეხვედრები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება უზბეკეთთან - რა შედეგებით დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ტაშკენტში

უზბეკეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 მლნ დოლარამდე შეადგინა. როგორ პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების გაზრდით. იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზეც. განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის რათა მათი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს.

საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის გაზრდა და სავაჭრო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება იყო შავკატ მირზიოევთან შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. "ორმხრივი ურთიერთობების ზრდის დადებითი დინამიკის უზრუნველყოფის იდეის ერთგულნი ვართ და უზბეკეთის რესპუბლიკისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია" - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი სოციალური ქსელით პრეზიდენტთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ საქართველო უზბეკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას დიდი პერსპექტივა აქვს.

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ხელმძღვანელი დელეგაციის წევრებთან ერთად ყინულის კომპლექს ჰუმო არენასაც ესტუმრა. მრავალფუნქციური ყინულის სასახლე თითქმის ცხრა ჰექტარზეა განთავსებული და 12 500 ვიზიტორზეა გათვლილი. არენა ოფიციალური ღონისძიებების, კონკურსების, გამოფენებისა და კონცერტებისთვის არის განკუთვნილი. დელეგაციის წევრებს ტაშკენტის მერიაშიც უმასპინძლეს, სადაც სიტუაციური ცენტრი დაათვალიერეს. ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის შეფასებით, მაღალი დონის შეხვედრებზე ის მიმართულებები გამოიკვეთა, რომლებსაც ეკონომიკურ ურთიერთობებში მეტი პოტენციალი აქვს. მაგალითად სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, ექსპორტისა და იმპორტის გაზრდა. მინისტრის თქმით, გაზრდილია უზბეკეთის მხრიდან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მიმართ დაინტერესება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს 2022-2024 წლებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმს. თანამშრომლობის გაძლიერება კი საგარეო უწყებების ხელმძღვანელების განცხადებით შესაძლებელია ეკონომიკის, ტურიზმის განვითარებით და საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებით.

ქართულმა მხარემ მემორანდუმი გააფორმა ტაშკენტის მერიასთანაც. თბილისსა და ტაშკენტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე კახა კალაძემ და ჯახონჯირ არტიკხოჯაევმა იმსჯელეს. აღნიშნეს, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს მხარეებს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავებას. კახა კალაძის განცხადებით, თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტაშკენტთან თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. თბილისის მერმა კოლეგასთან ერთად ტაშკენტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო.

შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნაში მონაწილეობა მიიღო მთავრობის მეთაურმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი პოეტის ძეგლი უზბეკ კოლეგასთან ერთად მოინახულა. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზეა რუსთაველის ძეგლი და მიმდებარე სკვერიც შოთას სახელს ატარებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის მეთაური მასპინძელმა კოლეგამ აბდულა არიპოვმა გააცილა. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთიდან თურქმენეთში გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

დღის ამბები