გენერალურ პროკურატურაში "TV პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი მივიდა. წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მასსა და პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა, მოწმის სტატუსით გამოიკითხება.
საგამოძიებო ორგანოში მისული ვატო წერეთლის განცხადებით, მას პირველ რიგში აინტერესებს, ვისი საჩივრის საფუძველზე აღძრულ საქმეს უკავშირდება დღევანდელი გამოკითხვა. საჩივარი შეტანილი აქვს როგორც თავად მას, ასევე ვატო წერეთლის ინფორმაციით, დეპუტატ ანრი ოხანაშვილსაც.
"ძალიან მნიშვნელოვანია დღეს რომელი მხრიდან ვარ დაბარებული. მე რაც მახსოვს ყველაფერს მოვყვები. მინდა, რომ ძალიან სწრაფად მოსთხოვონ ამერიკის საელჩოს ვიდეომასალა, იმიტომ, რომ ძალიან მკაფიოდ ჩანს იქ, როგორ ჩაიდინეს პარლამენტის წევრებმა ჯგუფური თავდასხმა,"- განაცხადა ვატო წერეთელმა.
"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მისი ქმედებები სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდებოდა და ვატო წერეთლის მხრიდან წამოსული ბრალდებები აბსურდულია.
"ჩემი ქმედება სრულად ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ნებადართული იყო, რომ ჩემი მხრიდან პროპორციულად განხორციელებულიყო. ყველა ნაბიჯი, ყველა ქმედება არის იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ლეგიტიმურად, მე, როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირს მქონდა. მქონდა თმენის ვალდებულებაც იქამადე, სადამდეც გადავიდა ეს თმენის ვალდებულება ზღვარს, რასაც ჰქვია დანაშაულის ნიშნები და კონკრეტული საფრთხეები. ის ტყუილი, რომ ვითომ მე მან ხელი ჩამომართვა, აბსურდია, საერთოდ არ მინახავს. ტყუილი ნომერი ორი, რომ ის არ მოსულა ჩემთან, აბსურდია, ეს დანახული აქვთ და კამერებზე აღბეჭდილია და ტყუილი მესამე, თითქოს სამი კაცი მივედით და ვურტყით. ასე რომ ყველაფერი ასახულია,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ავტორი: სანდრო სანაია