27 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"ის, რომ დაარღვიეს ყველანაირი კანონით გათვალისწინებული ვადა, გვეუბნება, რომ ეს არის პოლიტიზირებული პროცესი" - ნიკა გვარამიას მეუღლე

ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბრამდე გადაიდო. თარიღი პროცესზე კამათის მიზეზი გახდა. ადვოკატებმა თქვეს, რომ სასამართლო განხილვის ვადები ირღვევა, მოსამართლეთა კოლეგიამ კი განმარტა, რომ ისინი ოქტომბრამდე დაკავებულები არიან.

ეს იყო პირველი სხდომა მეორე ინსტანციაში. საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვას, რაზეც ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები მოისმინეს.

ნიკა გვარამიას მეუღლის სოფო ლილუაშვილის თქმით, მომდევნო პროცესის თარიღის განსაზღვრით, კანონით გათვალისწინებული ვადა დაირღვა, რაც ადასტურებს, რომ პროცესი პოლიტიზირებულია.

"დღევანდელი ფაქტი, ის, რომ დაარღვიეს ყველანაირი ვადა კანონით გათვალისწინებული, გვეუბნება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს არის ისევ და ისევ პოლიტიზირებული პროცესი, არანაირი კავშირი ამას თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან და განვითარებულ სახელმწიფოსთან არ აქვს. ფაქტია, რომ ვადები დაირღვა და ფაქტია, რომ პროცესი იმაზე მეტად გაიჭიმება, ვიდრე ყველა ველოდით," - აცხადებს სოფო ლილუაშვილი.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულება დასაბუთებული იყო და სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა, თუმცა მიღებულ იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება.

"ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს მტკიცებულებები, რომელთა დართვაც მოვითხოვეთ საქმის მასალებზე, სასამართლოს დაეხმარებოდა პოლიტიკური დევნის დადგენის ნაწილში, იმიტომ რომ მტკიცებულება არ არის მხოლოდ დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივ გარემოებას ეხება, მტკიცებულება, მათ შორის, არის ის, რაც ადასტურებს ან გამორიცხავს პოლიტიკურ დევნას. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მტკიცებულება იყო დასაბუთებული და უნდა დაეკმაყოფილებინა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ მიიღო სხვა გადაწყვეტილება," - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დღის ამბები