შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, სიმპტომები რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე.
"შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის, არ საჭიროებს ასეთ დროს პაციენტი ჰოსპიტალიზაციას. სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, შესაძლოა იყოს ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, შეიძლება იყოს დიარეა. ეს არის ის სიმპტომები, რაც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების შემთხვევაში, სხვა ტიპიური გრიპის შემთხვევაშიც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბინაზე დარჩენა, ოჯახის ექიმის მითითებების შესრულება. არ არის საჭირო ზედმეტი გამოკვლევების ჩატარება და ასევე ჰოსპიტალიზაცია", - აცხადებს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს. არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება. როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე.