"ჩვენ ძალიან ვწუხვართ როცა ჩვენი ძმები, ჩვენი თანამემამულეები იღუპებიან რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე სიამაყითაც გვევსება გული, რომ ისინი იქ ქართულ საქმეს აკეთებენ," - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, კახა გოგოლის ოჯახს მიუსამძიმრა.
მეუფე გრიგოლმა დაღუპული ჯარისკაცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები თვალებში ჩაჰყურებენ ბოროტებას, რომელიც ცდილობს რომ გაიმარჯვოს.
"დღეს არის ტკივილით აღსავსე დღე, მაგრამ ეს არის ერთგვარი სიამაყის დღეც. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, როცა ჩვენი ძმები, ჩვენი თანამემამულეები იღუპებიან რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე სიამაყითაც გვევსება გული, რომ ისინი იქ ქართულ საქმეს აკეთებენ. ისინი თვალებში ჩაჰყურებენ იმ ბოროტებას, რომელიც ცდილობს რომ გაიმარჯვოს, მაგრამ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. თავისუფლების სული ისეთი არის, მას ვერაფერი დაამარცხებს. სწორედ აი ამ სულისკვეთებით იბრძვიან ჩვენი ქართველი თანამემამულეები უკრაინაში. ღმერთმა დალოცოს კახას უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი და ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, რამეთუ თავისი მამულის ინტერესებს იცავდნენ, ასევე იქ ჩვენი ქართველი, უკრაინაში დაღუპული მამულიშვილები", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
ცნობისთვის, კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან 15 დღეში წავიდა, კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.