27 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
"თუკი რაიმე უნდა გაგრძელდეს, ეს არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება" - ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინელ კოლეგას მოუსმინეს. დმიტრო კულებამ მათ მიაწოდა ბოლო ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე იმ საჭიროებების შესახებ, რაც ახლა ქვეყანას უდგას, საუბარია სამხედრო დახმარებასა და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კიდევ უფრო ამკაცრებს. საქმე ეხება რუსეთიდან ოქროს შესყიდვის აკრძალვას. ევროკავშირმა, შესაძლოა, სანქცირებული რუსი მოქალაქეების სიის გაფართოებაზეც იმსჯელოს. ჟოზეფ ბორელმა სკეპტიკოსების მიმართა და თქვა, რომ სანქციები მუშაობს და ევროკავშირი განაგრძობს მათ იმპლემენტაციას.

ლიეტუვის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ უნდა შეწყდეს, ასევე, მნიშვნელოვანია დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა.

"რუსეთის ჯარები არ აპირებენ დასვენების დღეების აღებას უკრაინაზე შემდგომი თავდასხმის პროცესში. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საკითხს, რათა მათ დამატებითი შეიარაღების შეძენა შეძლონ. ასევე, ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორები განაგრძობენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. სწორედ ამის დახმარებით შეძლეს უკრაინელებმა თავის ტერიტორიაზე თავდასხმების შეჩერება. ამან მისცა მათ საშუალება, აღედგინათ კონტროლი კუნძულ ზმეინზე. სწორედ ეს მისცემს უკრაინას შესაძლებლობას, განაახლოს მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტიდან, ასე რომ, თუკი რაიმე უნდა გაგრძელდეს, ეს არის უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, და ამის გაკეთება დასავლური სამყაროს მთავარ ინდუსტრიულ ქვეყნებს შეუძლიათ," - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

რუსეთის მიმართ სანქციებზე საუბრისას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საჭიროა სანქციები, რომელიც დაარტყამს რუსეთს, თუმცა, ეს ევროპას ბუმერანგივით არ უნდა დაუბრუნდეს.

"დღეს საუბარია არა სანქციების მორიგი პაკეტის შემუშავებაზე, არამედ ამჟამინდელ პაკეტში არსებული სიცარიელების შევსებაზე. ავსტრიას ყოველთვის ჰქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, რომ გვსურს სანქციები, რომლებიც დაარტყამს რუსეთს, და ჩვენ არ დაგვიბრუნდება ბუმერანგივით. საკვანძო სიტყვაა გაზი - ჩვენ მკაფიოდ დავდექით სხვა სახელმწიფოებთან ერთად და უარი ვთქვით ამ მიმართულებით სანქციებზე, რადგან ეს უფრო მეტად უარყოფითად ჩვენზე აისახებოდა. უნდა ვიყოთ რეალისტები, თუნდაც ეს ჩვენთვის ემოციურ დონეზე არაკომფორტული იყოს," - აღნიშნა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა.

უკრაინის მიმართ დახმარების გაგრძელებაზე საუბრობს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ ჩვენი განხილვის მთავარი თემაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება და ამავდროულად გავზარდოთ ჩვენი მედეგობა. მთავარია, მოხდეს ჩვენი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ. ხორვატია მზადაა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში წვლილი შეიტანოს ორივე საკითხის გადაჭრაში," - განაცხადა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრილჩ-რადმანმა. 

დღის ამბები