27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
12 პუნქტის არცერთი საკითხი არაა მზად პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შევიდეს - რა განცხადებები გაკეთდა რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე

"ქართული ოცნება" 2022 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არ გეგმავს. უმრავლესობა ამბობს, რომ "ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტს, რადგან მათი განხილვა არ მომხდარა საკომიტეტო მოსმენებზე".

"ქართული ოცნება", ასევე, აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას იმ პროცესში, რომლის მიზანი არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავებაა.

"დღეს 12 პუნქტთან დაკავშირებული არცერთი საკითხი, ფორმალური თუ არაფორმალური, არ არის მზად რომ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში შევიდეს. თუ არადა წამლად რომელიმემ მიუთითეთ, რომელია ეს საკითხი. დისკუსია იწარმოება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვიფიქროთ რომ სიმულაცია შევქმნათ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობის დაწყების მიზნით ჩანიშნული პლენარული რაღაცით ბუტაფორულად შევფუთოთ, ანუ მოვიგონოთ ხელოვნურად მიზეზი, რომ ახლა შეცდომით და რეგლამენტის წესების დარღვევით ინიცირებული სხდომა "გავაპრავოთ"," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპონენტებს, ნუ უცხადებენ ბოიკოტს საპარლამენტო მუშაობას.

"საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საპარლამენტო მუშაობაში ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ხოლო ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვაზე და ამ რიგგარეშე სესიის მოწვევით ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ამ ნაწილს ოპოზიციისა, რომელიც იწვევს სესიას, სურს მუშაობა და სხვას არ სურს მუშაობა, არადა, საქმე, რეალობაში, არის პირიქით. პირიქით იმიტომ, რომ საპარლამენტო მუშაობა მიდის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ამ საპარლამენტო სამუშაოს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

განცხადებები ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" საბოტაჟში და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

დღის ამბები