27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"ის, ვინც რიგით საპარლამენტო სესიებში არ მონაწილეობდა და რიგგარეშეს ითხოვს, პოპულიზმშია შესული" - არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობა ოპონენტებს ბრალს პოპულიზმში სდებს და ირწმუნება, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ რიგგარეშე სესია არ გაიმართებოდა. უმრავლესობის განცხადებით, პარლამენტი არ ისვენებს, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები, იქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელმაც უნდა მოამზადოს კონკრეტული კანონპროექტები ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ის ვინც რიგით საპარლამენტო სესიებში არ მონაწილეობდა და რიგგარეშეს ითხოვს,"პოპულიზმშია შესული".

"განცხადებები, რაც დღეს სინამდვილეში მოვისმინეთ, რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არის პოპულიზმი. რეალურად, ოპოზიციას არ სურს თანხმობა, რადგან მათ შეთანხმების გარეშე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, აცხადებენ, რომ სურთ შეთანხმება, თანხმობით მუშაობა, მაგრამ შეთანხმების გარეშე მიმართეს პრეზიდენტს. მათ არ სურთ ზოგიერთ ნაწილში დაბალი ბარიერი, ზოგიერთ ნაწილში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მოდით, მივიღოთ დაბალი ბარიერით სისტემა.

მათ გაცხადებული აქვთ, რომ უნდათ ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, მაგრამ ახლა, როდესაც საკომიტეტო სამუშაო მიმდინარეობს ამ საკითხებზე, პარლამენტში, ისინი სხდომებში არ მონაწილეობენ. სწორედ ეს არის პოპულიზმი, რაც თავისთავად ანტიევროპულია და თავისთავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, ამიტომ საზოგადოება შეაფასებს, ვინ არის გულწრფელი, როდესაც ითხოვს რიგგარეშე სესიას. ჩვენ კარგად გვახსოვს რადიკალური ოპოზიცია, არათუ რიგგარეშე სესიაზე, რიგითი სესიები როცა მიმდინარეობდა მაშინაც კი არ ესწრებოდნენ სხდომებს, მაშინაც კი არ მონაწილეობდნენ სამუშაო პროცესში. ამიტომ, ის ვინც რიგითში არ მონაწილეობს და რიგგარეშეს ითხოვს, რა თქმა უნდა პოპულიზმშია შესული," - ამბობს თალაკვაძე.

დღის ამბები