მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მთავრობამ 7 საკითხი განიხილა. 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.
მთავრობის წევრებმა განიხილეს განკარგულების პროექტი, რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება.
ასევე, კანონპროექტი, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს. რაჭის ეროვნული პარკი 50 894 ჰექტარზე მოეწყობა, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ხელფასები 2026 წლამდე, მთავრობის დადგენილებით, საჯარო სექტორში 10%-ით გაიზრდება.
"კრიტერიუმები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის განსაზღვრული ნიშნავს იმას, რომ საჯარო სექტორში 2026 წლამდე ყოველწლიურად ხელფასები გაიზრდება 10%-ით,"- აცხადებს ხუციშვილი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აღნიშნავს, რომ რაჭის განვითარებისთვის ახალი პროექტები მნიშვნელოვანი იქნება.
"საქართველოს მთავრობამ მოიწონა პროექტი, რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის რეგიონისთვის ახალი შესაძლებლობა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება და ამავე დროს, ეს რეგიონისთვის არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ეკოტურიზმი და დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა,"- აცხადებს ოთარ შამუგია.