უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, მერიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინელი ხალხის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ინფორმაცია ვრცელდება არასწორად და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას.
როგორც იცით, თბილისის მერიამ რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში აამოქმედა სპეციალური პროგრამა – საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც მოგვმართავს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით, დედაქალაქის მერია ათავსებს სხვადასხვა სასტუმროში, სამჯერადი კვებით.
პროგრამის ფარგლებში, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 2 300 ადამიანზე მეტი დღესაც, დედაქალაქის 40-მდე სასტუმროში გვყავს დაბინავებული. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ჯამურად დაიხარჯა 11 მლნ. ლარი, ხოლო თვის ბოლოს თანხა მიაღწევს, დაახლოებით, 14 მლნ ლარს.
აღნიშნული პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და პირველ აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 31 ივლისს, თბილისის მერია მიმდინარე პროგრამას შეწყვეტს," - აღნიშნულია განცხადებაში.