რუსების მიერ ვინიცის დაბომბვის შედეგად დაღუპული 3 ბავშვიდან ერთ-ერთი 8 წლის კირილო პიახინია, რომელიც საომარ მოქმედებებს ხერსონიდან გამოექცა და ვინიცას შეაფარა თავი. ამის შესახებ ინფორმაცია ხერსონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გალინა ლუგოვაიამ გაავრცელა.
მისი თქმით, აფეთქების დროს ბიჭი ავტომობილში იყო, სავარაუდოდ, საკუთარ ბიძასთან ერთად.
ისინი ავტომობილში ელოდებოდნენ ბებიას, რომელიც ბანკში იყო შესული. ბებია უვნებლად გადარჩა, მეორე მგზავრი საავადმყოფოშია. პატარა კირილო კი ცეცხლში დაიღუპა. მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ტესტის საშუალებით მოხდება
უკრაინის კულტურის სამინისტროსთან არსებული სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი წერს, რომ კირილი და დედამისი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონიდან აპრილში გაიქცნენ.
რუსმა ოკუპანტებმა ვინიცის ცენტრზე სარაკეტო შეტევები 14 ივლისს, შუადღისას, განახორციელეს. თავდასხმამ დააზიანა 55 სახლი და 40 მანქანა. დანგრეულ შენობებს შორისაა საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი "იუბილეინი", ბიზნეს ცენტრი, სამედიცინო ცენტრი და საცხოვრებელი კორპუსი.
დღევანდელი მონაცემებით, ვინიცის დაბომბვას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვი: ოთხი წლის გოგონა და ორი ბიჭი, შვიდი და რვა წლის. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 202 დაზარალებულს, ოთხი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.