რა იმალება სახელწოდების "არგოსა" და "საბუდარას" მიღმა - კითხვას პასუხი უკვე გაეცა. ამ სასტუმროების მფლობელები, ვისი ძირითადი საქმიანობაც ნომრების საათობრივი გაქირავება იყო, პროსტიტუციის ხელშეწყობაში ამხილეს. არაკანონიერ საქმიანობაში ჩართული ცხრა პირი საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
ახლა გამოძიების მთავარი მტკიცებულება აუდიო და ვიდეო მასალაა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული ჩანაწერები გამოძიების ვერსიას ამტკიცებს. ირკვევა, რომ სასტუმროების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩართულ ქალებსა და სექსუალური მომსახურების მიღების მსურველ მამაკაცებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ. სასტუმროების ნომრებს კი, საათობრივად აქირავებდნენ.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტის გამოვლენის შემდეგ სასტუმროები დაილუქა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების თანამშრომლებმა სასტუმროების რეალური საქმიანობის შესახებ იციან, თუმცა ამაზე კამერებთან ხმამაღლა არ საუბრობენ.
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს 2015 წელსაც. დაპატიმრებულთა შორის მაშინაც იყო სასტუმრო „საბუდარას“ დირექტორი. გამოძიების მაშინდელი ვერსიითაც, ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
დაკავებულებს ბრალი უკვე დაუზუსტდათ, ახლა აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ბრალის დაზუსტების შემთხვევაში ცხრავე დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.