უკრაინაში ომის 142-ე დღეა და რუსეთი კვლავ სამხედრო აგრესიას განაგრძობს.
23-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 117 ადამიანი. თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 40-ზე მეტი გასროლა განახორციელეს სუმის ოლქის მიმართულებით. დაბომბილია რეგიონის 8 დასახლება.
სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზეც. რის გამოც გაჩნდა ხანძრები, ამ დროისთვის ცეცხლი ყველა ლოკაციაზე ლიკვიდირებულია.