27 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
6 თვიანი გრაფიკით ვაგრძელებთ მუშაობას, შევასრულებთ იმ პრიორიტეტებს, რომელზეც არის საუბარი, ჩვენ წილ სამუშაოს გავწევთ და დაველოდებით ევროკავშირის პასუხს - შალვა პაპუაშვილი

"რიგგარეშე სესიის დანიშვნის არანაირი საჭიროება არ არსებობს ამ მომენტში და ერთადერთი მიზანი არის მხოლოდ რადიკალიზაცია პროცესების," – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 პუნქტიდან მმართველ გუნდს 6-ზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, მომავალ კვირას კი დანარჩენ საკითხებზეც გაიმართება მსჯელობა. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ უმჯობესია ოპოზიცია სამუშაო პროცესში ჩაერთოს.

"ჩვენ 12 პუნქტიდან ექვსზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, სხვადასხვა ფორმატებია შექმნილი. მომავალ კვირას გაიმართება მსჯელობა დანარჩენ საკითხებზეც, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესში ჩართულია. არის კონსტრუქციული მსჯელობა თემებთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ახლა მოიტანონ საკითხები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით სესიები დანიშნონ, უმჯობესია ჩაერთონ სამუშაო პროცესში. ვნახე მიმართვა, რომელიც შეეხება სესიის დანიშვნას. ჩაწერილი აქვთ შიგნით კანონპროექტები, რომლებიც კომიტეტებშიც კი არ არის განხილული. როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა. რა უნდა ეწეროს კანონპროექტში და როგორი სახით, ნაცვლად ამისა, მზა კანონპროექტებით გველაპარაკებიან, რაც, რა თქმა უნდა, არანაირად არ პასუხობს სულისკვეთებას იმ თანამშრომლობითი ფორმატისა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ევროკავშირი. პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც დეპოლარიზაციის მოთხოვნას, ისე ინკლუზიურობის მოთხოვნას, ჩართულობის მოთხოვნას. ამიტომ ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ამის უკან დავინახოთ, ეს არის კვლავ რადიკალიზაცია პროცესი.

დღეს დააანონსეს კიდევ, რომ სექტემბრიდან კვლავ სურთ რაღაც საპროტესტო აქციები. რანაირად ეთანხმება ერთი მეორეს, რომ თითქოს თანამშრომლობა უნდათ, თან საპროტესტო აქციები, არ ვიცი, იმდენად არათანმიმდევრული არიან. ამ შემთხვევაში უკვე სამი პარტიაა დარჩენილი საბედნიეროდ, საპარლამენტო ოპოზიციიდან – "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი". გამოჩნდა, რომ ეს სამი პარტია, რომელიც ისედაც ჩანდა, რომ იყო ერთი კოალიცია, დღეს რადიკალურ კოალიციად ჩამოყალიბდა," - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ევროკომისიის გადაწყვეტილებას ანგარიშის გადავადებასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ვადის ცვლილების მიუხედავად, ხელისუფლების გეგმა არ იცვლება.

"ექვსთვიანი გრაფიკით ვაგრძელებთ მუშაობას და აუცილებლად სწორედ ამ გრაფიკის მიხედვით ვიმუშავებთ, შევასრულებთ იმ პრიორიტეტებს, რომელზეც არის საუბარი. ჩვენ წილ სამუშაოს გავწევთ და ჩვენ დაველოდებით ევროკავშირის პასუხს. მთავარი არის, რომ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, ჩვენი საქმე გავაკეთოთ და შემდეგ იქნება ეს ევროკავშირი თუ სხვა ორგანიზაცია, რომელთან დაახლოებისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, მათ ჰქონდეთ გადაწყვეტილება მისაღები. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ იმ ექვს თვიანი გრაფიკით ყველაფერს შევასრულებთ დროულად," - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, "საუბარი იმაზე, თითქოს ფანჯარა შეიძლება, დაიხუროს, ეს არის თავად ევროკავშირის გადაწყვეტილების დაკნინება და შეურაცხყოფა".

"ევროკავშირმა მიიღო მთავარი გადაწყვეტილება სამი ქვეყნის მიმართებით და მათ შორის საქართველოს მიმართ. ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივის აღიარება. ეს არის ფანჯარა და ეს ფანჯარა აღარ დაიხურება, ვინაიდან ეს არის სწორედ მთავარი გადაწყვეტილება. ის, ვინც ამბობს, რომ თითქოს არის გარკვეული ფანჯარა, რაღაც პერიოდის ფანჯარა და არის ცაიტნოტი, ეს სინამდვილეში არის ერთადერთი მიზნის მატარებელი, რომ დათესონ ისტერია, რომ თითქოს საქმე გვაქვს რაღაც ცაიტნოტურ მდგომარეობაში და დღეს და ხვალ გადასაწყვეტ საკითხში. არაერთხელ აღნიშნა ევროკავშირის ყველა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომ ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არის რამდენიმეწლიანი პროცესი. მეორე, მთავარი გადაწყვეტილება, რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, უკვე მიღებულია. მთავარი პირობები უკვე დასახელებულია ამ 12 პრიორიტეტის სახით. ასე რომ, ახლა უკვე ჯერი ჩვენზეა, რომ ეს 12 პრიორიტეტი შევასრულოთ, რათა შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი ევროკავშირისგან, რომ ისიც მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას," - განაცხადა მან.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რომ ოპოზიციის ნაწილი არ ერთვება 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებულ მუშაობაში, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი.

"ისე, როგორც იქცევიან "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", ეს არის არა ბოიკოტის პროცესი, არამედ საბოტაჟი პროცესის. ვინაიდან ბოიკოტი გულისხმობს, რომ ადამიანი ან რაღაც ორგანიზაცია არ ერთვება ორგანიზაციაში, ხოლო საბოტაჟი გულისხმობს, რომ თავისი ჩაურთველობით აზიანებს პროცესს. სწორედ ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით ევროპული საბჭო გულისხმობს, რომ ეს იყოს ინკლუზიური პროცესი, შეძლებისდაგვარად ფართო ჩართულობით. თავად ის, რომ არ ერთვებიან, აზიანებენ ამ პროცესის ინკლუზიურობას. სწორედ ეს არის მათი გათვლა, რომ დააზიანონ პროცესის ინკლუზიურობა, რათა არ მიიღოს საქართველომ პოზიტიური პასუხი. ეს არის ჩვეულებრივად საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები