27 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
რას გულისხმობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ნიშნავს თუ არა ეს სტატუსი ავტომატურად დამატებით ფინანსურ დახმარებას - ევროკავშირის ელჩის განმარტება

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი? გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აქვს თუ არა ქვეყანას სპეციალურ პროგრამებზე წვდომა და სხვა სარგებელი, ამ კითხვაზე ევროკავშირის ელჩის პასუხს დღეს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ. სოციალური ქსელით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ კარლ ჰარცელმა განმარტა, რომ სტატუსის მიღება ფინანსურ დახმარებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს.

ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტების მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის სწორედ ის იყო, რომ სტატუსზე უარით ქვეყანამ ფინანსური დახმარების შესაძლებლობა დაკარგა. კარლ ჰარცელის ამ განცხადების შემდეგ კი პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ თავადაც ეთანხმებიან ელჩს და იციან, რომ სტატუსს ფულადი დახმარება ავტომატურად არ მოჰყვება, თუმცა აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ სახელმწიფოს მიერ გასატარებელ რეფორმებზეა დამოკიდებული ფულადი დახმარების გამოყოფა. 

ოპოზიციის მხრიდან ახლაც და წარსულში გაკეთებული განცხადებები მმართველი პარტიისთვის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესით აიხსნება. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ფინანსურ წყაროებზე წვდომა, მხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი არ განსაზღვრავს და ოპონენტები საზოგადოებაში ცრუ მოლოდინს აჩენდნენ.

კარლ ჰარცელის განცხადების ინტერპრეტაციაში სახელისუფლებო გუნდი დღეს სამოქალაქო სექტორის ნაწილმა დაადანაშაულა. მოძრაობა ”სირცხვილია" ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო, ვინც ხშირად საუბრობდა იმაზე, თუ რა ფინანსური კეთილდღეობა მოსდევდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს. ამავე პოზიციაზე რჩებიან დღესაც და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად თანხმდებიან, რომ ფულადი დახმარების მიღება არა კონკრეტული სტატუსი განაპირობებს, არამედ სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური ნება უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.

მესამე სექტორის და ოპოზიციის საპასუხოდ, ”ქართულ ოცნებაში” ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, თუ რა გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სხვა სახელმწიფოების მაგალითები შეისწავლეს და სტატისტიკურად ბევრად არ განსხვავდება ფინანსური დახმარების რაოდენობა სტატუსს მინიჭებულ ქვეყნებსა და ევროპული პერსპექტივის მქონე სახელმწიფოებს შორის.

სახელისუფლებო გუნდში შედარებას აკეთებენ და ამბობენ, რომ როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირიდან მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას იდენტური პრინციპითა და მოცულობით იღებენ. მაგალითისთვის, 2014-2020 წლები მოჰყავთ და ამბობენ რომ ხუთი კანდიდატი ქვეყნისთვის განკუთვნილი იყო 14 მილიარდი ევრო - ეს ქვეყნებია თურქეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი და მაკედონია. ეს თანხა ასე გადანაწილდა სერბეთი - 1,5 მილიარდი ევრო - ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 25 ევრო, მაკედონია - 664 მილიონი ევრო - ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 46 ევრო, ალბანეთი - 649 მილიონი ევრო - ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 32 ევრო. ამავე პერიოდში საქართველოსთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 39 ევრო შეადგინა.

 

 

 

 

დღის ამბები