27 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - დაღუპულია 20 მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი

რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას განაგრძობს - ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქი ვინიცა, სამივე რაკეტა სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 80-მდე ადამიანმა.

უკრაინის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქს დილით შეუტიეს. მოსკოვი უტიფრად ირწმუნება, რომ სარაკეტო თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე არ განუხორციელებია, თუმცა კადრები ისევ საპირისპიროს ადასტურებს. ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

"შავი ზღვიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვინიცის ცენტრს წყალქვეშა ხომალდიდან კალიბრის საკრუიზო რაკეტებით დაარტყეს, ორი რაკეტა საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა გაანადგურდა. დაინგრა შენობები, სამოქალაქო ობიექტები, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა. დგინდება მსხვერპლის და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა," - აცხადებს საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერი იური იგნატი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ოლექსი გრომოვის განმარტებით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ვინიცაში 3 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს.

​"დღეს მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ვინიცის დასახლებაზე. გაისროლეს 3 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტა, ხოლო 2 საკრუიზო რაკეტა ჩვენმა საზენიტო რაკეტებმა რახნის დასახლების მიდამოში ჩამოაგდეს. მთლიანობაში, შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან მტერმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ისკანდერისა და კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით 630 დარტყმა განახორციელეს," - ოლექსი გრომოვმა.

დღის ამბები