27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში - იენს სტოლტენბერგი

მადრიდის სამიტის შედეგები გააცნო ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებს. იენს სტოლტენბერგმა აქცენტი გააკეთა სამიტზე მიღწეულ გადაწყვეტილებებზე, ალიანსის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე, რომელშიც რუსეთი დასახელებულია, როგორც პირდაპირი და მთავარი საფრთხე ნატოს წევრი ქვეყნებისთვის.

გენმდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო პირდაპირ არ არის მხარე და არ აპირებს ჩაერთოს კონფლიქტში, თუმცა წევრი ქვეყნები და ალიანსი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურად ასევე სამხედრო თვალსაზრისით.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყნებს რომლებსაც ნატოში გაწევრიანება უნდათ, რეფორმები სჭირდებათ და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ეხმარება საქართველოს ამ კუთხით. რაც შეეხება უკრაინას, ამ ეტაპზე პრიორიტეტი მათი სამხედრო დახმარებაა.

"სამი ქვეყანაა რომელსაც სურს ნატოს წევრობა ეს არის საქართველო, უკრაინა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ბოსნია და ჰერცეგოვინაში სერიოზული გამოწვევებია, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მათი პრობლემები თქვენ ისევე კარგად იცით, როგორც მე.

რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, ორ სხვადასხვა ქვეყანას. უკრაინასთან მიმართებით მთავარი ფოკუსი ახლა არის დახმარების გაწევა, რომ უკრაინა შენარჩუნდეს როგორც სუვერენული ქვეყანა და ეს არის მთავარი ფოკუსი, ფოკუსი არაა წევრობაზე ახლა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერს რასაც ვაკეთებთ მათ დასახმარებლად და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის, დაახლოებს წევრობასთან რაღაც ეტაპზე.

საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ მათ ნატო-ს წევრობისკენ სვლაში.

ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით მოითხოვს ერთხმად მხარდაჭერას, ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსირება განახორციელეთ რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას.

უნდა გავაცნობიეროთ რომ თუ უკრაინა წააგებს, ეს ჩვენთვისაც საფრთხე იქნება, ეს ევროპას უფრო მოწყვლად ადგილად აქცევს. თუ გავიხსენებთ 2008 წელს რა მოხდა საქართველოში და 2014 წელს ყირიმის ანექსიას. ეს იქნება სიგნალი რომ დიდ ქვეყანას შეუძლია გავლენის მოპოვება პატარებზე, ეს კი ჩვენ დაგვაზიანებს. თუ თქვენ მორალური საკითხი არ გაინტერესებთ მაშინ თქვენ პირად უსაფრთხოებაზე მაინც იფიქრეთ. ასე რომ საფასურის გადახდა მოგიწევთ. ჩვენ საფასურს ფულით ვიხით, უკრაინა კი სიცოცხლით და ეს გაცილებით დიდია," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

"ჩეხეთის რესპუბლიკა მზად არის დაეხმაროს საქართველოს თორმეტი პრიორიტეტის იმპლემენტაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეულია პრაღაში აგვისტოს ბოლოს, როცა იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა. ჩვენ შევხვდებით ასოცირებულ ტრიოს, თქვენი მინისტრი მიწვეულია უკრაინელ და მოლდოველ კოლეგასთან ერთად. ამ შეხვედრაზე გვექნება ღია დისკუსია ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. საქართველომ უნდა ანახოს რომ ასრულებს იმ კრიტერიუმებს რაც დღის წესრიგშია და ეს დავალება არის არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ასე რომ, საქართველომ უნდა გაატაროს სამუშაო. კომისია კი ამ გაწეულ სამუშაოს შეაფასებს," - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.

დღის ამბები