27 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც - საიმონ კოვენი

ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, - ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, მინისტრის შეფასებით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას.

"მე მესმის საქართველოში არსებული გულგატეხილობა, თუმცა ევროკავშირში ეს არ განიხილება, როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, ეს ნიშნავს კარის გაღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ განვმარტავთ, თუ რა რეფორმების გატარებაა საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მაგრამ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება განსხვავდება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იმავდროულად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, ეს იწვევს იმედგაცრუებას. მაგრამ მე ვარწმუნებ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია და ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა.

ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია, ზოგადად, ჩვენ გვსურს ევროკავშირში სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ფაქტობრივად არის სამშვიდობო პროექტი. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ გაწევრიანება ევროკავშირში და საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია," - განაცხადა საიმონ კოვენმა.


დღის ამბები