საგარეო ვაჭრობის ზრდის მიმართულებით, ქვეყანამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქონლის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8 მილიარდზე მეტია, საიდანაც ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმილიარდნახევრით არის გაზრდილი.
გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და პანდემიური საფრთხეების ფონზე, გაუმჯობესებულ პარამეტრებს სწორ პოლიტიკას უკავშირებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველო საექსპორტო ქვეყნად ყალიბდება, რაც ეკონომიკური ზრდის გეგმიურ მაჩვენებელზეც პოზიტიურად აისახება.
"აწარმოე საქართველოში" ამბობენ, რომ სააგენტო ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობისთვის აქტიურად მუშაობს. სახელმწიფო პროგრამის წარმომადგენლების თქმით, პროექტი ადგილობრივ რამდენიმე ასეულ ბიზნესს ახალი ბაზრების ათვისებაში უკვე დაეხმარა.
საგარეო ვაჭრობის კუთხით, გაუმჯობესებულ სიტუაციაზე საუბრობს კერძო სექტორიც. კომპანია "ნატახტარში", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს გარეთ 50 მილიონ ლიტრ პროდუქციას გაიტანენ. კომპანია გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ცდილობს.
ეკონომისტების განცხადებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავალია. ანალიტიკოსების აზრით, საექსპორტო შემოსავლების მატება ხელისუფლებას სოციალური პაკეტების გაუმჯობესების შესაძლებლობასაც მისცემს.
სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ეკონომიკური ტენდენციების შესახებ მონაცემებს ყოველთვიურად აქვეყნებს.