მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი იგივე ხონსკი, ზვიად პაპიაშვილი - "კურიერის ინფორმაციით", სამმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა ყალბი ოქროს საქმის გარჩევაში 5-5 ათასი დოლარი აიღეს. 2 კილომდე ოქროს შეძენა ერთმა მოქალაქემ თურქეთში, შუამავალს დაავალა. ჩამოტანილი მონეტების ნაწილი კი, იაფფასიანი ლითონი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ორ პირს შორის დაიწყო ფინანსური დაპირისპირება, რაც ქურდულ გარჩევამდე მივიდა.
მუქარა და შანტაჟი ქურდული წესებით - ოპერატიულ ჩანაწერებში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გამოაქვეყნა, რამდენჯერმე ისმის მინდია ლავასოღლის სახელი. მისი მოკავშირეები ემუქრებიან პირს, რომელსაც თურქეთში ყალბი ოქრო მოტყუებით მიჰყიდეს. დავის ქურდულად გადაწყვეტის მიზნით, პირველი გარჩევა ლავასოღლისა და ჯეირან კინწურაშვილის მონაწილეობით, თურქეთში შედგა.
ლოტკინზე, ლაითურის ქუჩაზე მდებარე სახლი სწორედ ისაა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წევრებმა მეორე გარჩევა მოაწყვეს. სამართალდამცველებმა შენობა გაჩხრიკეს და მეპატრონე გამოკითხეს. გამოძიების ინფორმაციით, ამ სახლში გარჩევას ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია ლავასოღლი და ზვიად პაპიაშვილი სკაიპით დაესწრნენ. სახლი ყანჩიაშვილებს ეკუთვნით, რომლებიც ზვიად პაპიაშვილის მეზობლები არიან.
სამართალდამცველებმა ბათუმში, თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციით, ქურდულ გარჩევებში მონაწილე 7 პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დაკავებულები მცხეთის იზოლატორში მოათავსეს.
საქმის ფიგურანტი ავტორიტეტებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ჯეირან კინწურაშვილის და მინდია ლავასოღლის ადვოკატები ამის საფუძველს ვერ ხედავენ. "კურიერის" ინფორმაციით, ლავასოღლის წინააღმდეგ მტკიცებულებები გროვდება და მას ახალ ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. სავარაუდოდ, პასუხისგებაში მიეცემა ჯეირან კინწურაშვილიც.
გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. უკვე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასა და დახმარებაში ბრალდებულებს მაქსიმალურ სასჯელად 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.