რუსული სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა, მელიტოპოლის გავლით ხერსონისკენ მიემართება - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება კადრები, რომ ოკუპანტებს საწვავი და საბრძოლო მასალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადააქვთ. ხერსონის მიმართულებით, უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას არ წყვეტენ. მელიტოპოლის მერი ქუჩაში გამოჩენილი სამხედრო კოლონების გამო ვარაუდობს, რომ ოკუპანტები შეტევისთვის ემზადებიან.
ოკუპანტების სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რკინიგზის ხიდი ააფეთქეს და ოკუპანტების სამხედრო ნაწილი განადგურდა. იმ დღიდან რუსები ნათლად მიხვდნენ, რომ მელიტოპოლში ვერ გადარჩებოდნენ. გუშინ კი შეიარაღებულმა ძალებმა გაანეიტრალეს ოკუპანტების კიდევ ერთი ბაზა, სოფელ მირნესთან. ოკუპაციის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ეს კარგი ამბავია, მაგრამ ამავდროულად, ოკუპანტები განაგრძობენ ზეწოლას.
უკრაინის სამხრეთის დეოკუპაცია მთელი ძალებით მიმდინარეობს, საუბარია ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების სამხრეთ ნაწილზე ,- ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს, თუმცა დღის ბოლოს ზაპოროჟიაში რუსულმა მხარემ 2 რაკეტა ჩამოაგდო. "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ინტერვიუ, სადაც ნათქვამია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ მთელი ქვეყნის დეოკუპაციაზე გასცა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ, ლუგანსკში "ტოჩკა-უ" კომპლექსის საწყობი დაბომბეს. ამ ოლქშიც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვა შეტევაზეა გადასული. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ოკუპირებული სევეროდონეცკის დრონით გადაღებული კადრები. ვიდეომასალის მიხედვით, ქალაქი საცხოვრებლად თითქმის უვარგისია.
ლუგანსკის რეგიონის ორი დასახლება კი, კვლავ აფერხებს რუსეთის შეტევას, ტერიტორიული თავდაცვა ქალაქების დაცვას განაგრძობს. იმ დასახლებებში, რომლებიც მალევე მოექცნენ ოკუპაციის ქვეშ, რაშისტები წვავენ უკრაინულ ლიტერატურას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა.
მძიმე მდგომარეობა დონეცკის ოლქშიც, დაიბომბა ქალაქი ბახმუტი და კრამატორსკი, უცნობია დაშავებულთა რაოდენობა.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით, 28 დარტყმა მიაყენეს მიკოლაევის სხვადასხვა დასახლებას. "ტელეგრამ" არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, არიან დაშავებულები. რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქში 60-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, 4 ადამიანი დაშავდა ხარკოვში დაბომბვის შედეგად. დღის პირველ ნახევარში, ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს ოდესის მიმართულებითაც.