27 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
კელი დეგნანი კვლავ "ოცნებიდან" წასული სამეულის სამიზნეა - ყაველაშვილის შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩისგან კითხვებზე პასუხის გაცემას დაჟინებით ითხოვს ხუნდაძე და სუბარი

კიდევ ერთი მიმართვა ამერიკის ელჩს - "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები კელი დეგნანს იმ კითხვებზე პასუხს სთხოვენ, რაზეც 5 დღის წინ, მიხეილ ყაველაშვილის საკუთარ ღია წერილში წერდა. ემიჯნება თუ არა ამერიკის ელჩი ოპოზიციური პარტიების, მესამე სექტორისა და სახალხო დამცველის განცხადებებს საომარ მოწოდებებზე - ესაა მთავარი შეკითხვა, რომელზე პასუხსაც ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი დიპლომატისგან ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ოცნებიდან" წასულები ფიქრობენ, რომ ნდობა ამერიკის ელჩის მიმართ საზოგადოებაში შემცირდება.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები მიიჩნევენ, რომ კელი დეგნანის დუმილი მესამე სექტორისა და სახალხო დამცველის განცხადებების მიმართ, აჩენს ეჭვს, რომ ამერიკის ელჩიც მათ მოსაზრებებს იზიარებს.

"ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს დღეს სახალხო დამცველმა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელმა არ უპასუხეს, თუმცა გაკეთებული განცხადებები შეაფასეს ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის პოზიცია აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ამერიკის ელჩის დისკრედიტაციას ემსახურება.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებებს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა განცხადებების შინაარსში შესვლა არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ მიუღებელია ოპოზიციის მხრიდან მათი ყოფილი თანაგუნდელების ანტიდასავლურობაში დადანაშაულება.

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის შემდეგ, "ქართული ოცნების" რიგებს საკრებულოს წევრებიც ტოვებენ - პარტია დღეს კიდევ სამმა წევრმა ასპინძის, ადიგენის და თელავის საკრებულოს დეპუტატებმა დატოვეს. იმედა მღებრიშვილმა, გია ჭელიშვილმა და ლევან კოჭლოშვილმა გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს.

 

დღის ამბები