27 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ახალი თარიღი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად - ბრიუსელმა თბილისს 12 პრიორიტეტის შესრულების ვადა შეიძლება გაუხანგრძლივოს

ყველაზე მწვავე შეფასება თბილისში დღეს ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლას მოჰყვა, სადაც ის დეოლიგარქიზაციის კონტექსტში პირდაპირ ასახელებდა ბიძინა ივანიშვილს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი დეპუტატი არა ევროპულ სულისკვეთებას, არამედ რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას იზიარებს და საქართველოში პოლარიზაციას ახალისებს.

ევროპარლამენტში მოწოდებები ისმოდა ოპოზიციის მისამართითაც. ითქვა, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით პარტიებს პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ, თუმცა ეს გზავნილი პირიქით ესმით მმართველი გუნდის ოპონენტებს - მათ, ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში "ქართულ ოცნებასთან" არ მუშაობენ.

ევროპარლამენტში გაჟღერებული საკითხები სასამართლოსთან, საარჩევნო საკითხთან, ადამიანის უფლებებთან და პოლარიზაციასთან მიმართებით სწორედ დეპოლარიზაციით უნდა გადაიჭრას - ასეთია ოპოზიციის მეორე ნაწილის პოზიცია. მცირე საპარლამენტო ჯგუფებში ამბობენ, რომ რეფორმებს ალტერნატივა არ აქვს და ის პოლიტიკური სპექტრის ერთობლივ მუშაობას მოითხოვს​.

დეპოლარიზაციის მცდელობებში ქართული პოლიტიკური ელიტა რომ არ უნდა აჩქარდეს, ამაზე დღეს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელმა ისაუბრა. მეტიც, მაიკლ რუპიმ თქვა, რომ ეს საკითხი არის საფუძველი საქართველოს შესახებ ანგარიში 2023 წელს მომზადდეს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ გზავნილით დასტურდება, რომ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უპრეცედენტოდ მოკლე ვადა ჰქონდა განსაზღვრული.

ევროკომისია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს დასკვნას საქართველოს მხრიდან ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შესრულებაზეც, საუბარია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობაზე, რაც სავარაუდოდ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაშიც იქნება ასახული.

დღის ამბები