საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის მწვერვალზე მემორიალური დაფა განათავსა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მწვერვალზე, რომელსაც თავდაცვის უწყების ინიციატივით ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელი ეწოდა, შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. მემორიალური დაფა მწვერვალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პირადად განათავსა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ასევე კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უსახელო მწვერვალს სამხედრო მფრინავის ზურაბ იარაჯულის სახელი თავდაცვის უწყების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე მიენიჭა.მწვერვალი ზურაბ იარაჯული მდებარეობს თიანეთის ქედზე (ქართლის ქედის ჩრდ.-აღმ. დაბოლოება, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით), მდინარეების ფშავის არაგვისა და ალაზნის წყალგამყოფზე, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ზღვის დონიდან 3254,0 მეტრ სიმაღლეზე, გეოგრაფიული კოორდინატები: x – 518493, y – 4693900.
სამხედრო მფრინავი ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.