27 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული საბჭოს რეკომენდაციებზე სამუშაოდ ოპოზიციის ნაწილი კვლავ უარს აცხადებს - ვინ იმუშავებს "ოცნებასთან" ერთად

ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდი მუშაობას განაგრძობს. რამდენიმე შეხვედრის და კონსულტაციის შემდეგ, თემატური ჯგუფების შეკრება უახლოეს დღეებშიც იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტი რჩება.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მიერ ნახსენებ პარტიებს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ. ისინი საკომიტეტო მოსმენებსა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას არც მომავალში გეგმავენ.

ოპოზიციის მოთხოვნები ულტიმატუმია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციების გვერდის ავლის მცდელობაა.


ბოიკოტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეცდომად აფასებენ ოპოზიციის იმ ნაწილში, რომლებიც კონსულტაციებში მონაწილეობენ. "გირჩისა" და "მოქალაქეების" წევრები თვლიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად, პროცესში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.

ოპოზიციასთან ერთად, თუ მათ გარეშე, ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურ საქმიანობას განაგრძობენ სახელისუფლებო გუნდში. სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უკვე წარადგინა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნასაც გამოთქვამს.

დეკემბრის ბოლომდე ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება უნდა შეძლონ. დავალების შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.

დღის ამბები