ერთი ჯილდო, ორი ნომინანტი და ქართული კინოს კიდევ ერთი წარმატება პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე. კარლოვი ვარის რიგით 56-ე დაჯილდოებაზე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ერთდროულად, ჯილდო თაკი მუმლაძემ და მარიკა ხუნდაძემ აიღეს. ქართველი მსახიობების წარმატება ფილმმა "ჩემი ოთახი" განაპირობა. რეჟისორ სოსო ბლიაძის ნამუშევარი ორი გოგოს ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც განსხვავებული სოციუმიდან არიან და ქვეყანაში ქალთა წინაშე არსებულ გამოწვევებს ებრძვიან.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალის საუკეთესო როლისთვის კარლოვი ვარის პრიზი ქართველმა მსახიობმა ქალებმა აიღეს. ფილმი, რომელმაც თაკი მუმლაძეს და მარიკა ხუნდაძეს პრესტიჟული ევროპული ჯილდო მოუტანა, პანდემიის პერიოდში საკუთარი სახსრებით, მსახიობი გოგოების საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.
პირველი სერიოზული წარმატების შემდეგ, შემოქმედებითმა ჯგუფმა ფილმი ევროპის სხვა ფესტივალებზეც გაგზავნა.