27 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ძუძუს კიბოს პროგრამაში რომ ცვლილება შეგვაქვს, იმათ გამოუცხადეს ბოიკოტი? ამდენ დაზარალებულს გამოუცხადეს ბოიკოტი? - ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციაზე

თბილისის საკრებულო სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, ჩაიშალა. უმრავლესობის ექვს დეპუტატს კორონავირუსი აქვს, იმისთვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განეხილათ, ოპოზიციის ხმები იყო საჭირო, თუმცა სხდომის ოქმს ხელი, პროტესტის ნიშნად, არ მოაწერეს, მიზეზად უმცირესობაში დაასახელეს ის, რომ ბიუჯეტში მოთხოვნილი ცვლილებების შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგეს, დოკუმენტში ჩამოთვლილ საკითხებს კი კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

მერიაში საშტატო ერთეულების გაუქმება იყო ერთ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია. დღეს საკრებულოს 74 საკითხი უნდა განეხილა..  

""ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოს უყურებს, როგორც ნოტარიულ ბიუროს და დღევანდელი დღე იყო ჩვენი მხრიდან იმის განაცხადი, რომ ეს არ არის ნოტარიული ბიურო და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ არაკონსტრუქციულ და ცუდ დამოკიდებულებას, რომელსაც ისინი გამოხატავენ ყველა სხდომაზე,"-აცხადებს საბა ბუაძე.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს,  იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე კი ოპოზიციის ქმედებას იაფფასიანს უწოდებს. 

"ჩვენთვის ეს ძალიან იაფფასიანი ძალიან მდარე არასაქმიანი დამოკიდებულებაა, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების მიმართ. გაკვირვებულები ვართ, ვიღაცებისგან არ გაგვიკვირდა, მაგრამ ვიღაცებისგან გაგვიკვირდა. ვის გამოუცხადეს ბოიკოტი?! ძუძუს კიბოს პროგრამაში რომ ცვლილება შეგვაქვს, იმათ გამოუცხადეს ბოიკოტი? ამდენ დაზარალებულს გამოუცხადეს ბოიკოტი?"-აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.

დღის ამბები