ჯანდაცვის მინისტრმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების პირველი, ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეტრავმებისაგან დაცვა, საგამოძიებო მოქმედებების და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა.
ცენტრში ბენეფიციარები სათანადო შეფასებას გადიან და შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი აცხადებს, რომ ცენტრი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი იქნება.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ეს ბავშვები არ უნდა იყვნენ რეტრავმირებულები, არ უნდა დაზარალდნენ, როდესაც მიდიან სხვადასხვა სტრუქტურაში. სწორედ ამიტომ, აქ ხელმისაწვდომი სერვისები ბავშვების მიმართ მეგობრული და მათი სქესისა და ასაკის შესაბამისია,"- ღასან ხალილი.
ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანი წინსვლაა.
"ბავშვების მიმართ გამოვლენილი ძალადობა მართლაც უმძიმესია. ეს შემთხვევები ითხოვს ძალიან პროფესიონალურ მიდგომებს, პროფესიონალურ და ფრთხილ მართვას. კმაყოფილები ვართ, რომ შეგვიძლია ეს მოდელი ახლა საქართველოს წარვუდგინოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იარსებებს ცენტრი, სადაც ეს შემთხვევები ისე იქნება გადაწყვეტილი, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები უფრო მეტად აღარ დაზარალდებიან,"- აცხადებს კალიურანდი.