ბრძანება გაცემულია - პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინული არმია ქვეყნის სამხრეთის დეოკუპაციას იწყებს. კიევი ოკუპანტებისგან ჰერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების გასაწმენდად ემზადება და ადგილობრივებს მოუწოდებს, ნებისმიერი გზით და საშუალებით დატოვონ ტერიტორია. სპეცოპერაციის პირველი ფაზა უკრაინამ უკვე დაიწყო. დღეს, დილით, რუსი სამხედროებისგან ჰერსონის ოლქის სოფელი ივანოვკა გაათავისუფლეს, დასახლება რუსი სამხედროების ტექნიკის სასაფლაოდ იქცა. ოკუპანტი ჰერსონში უკან იხევს, მაგრამ რაკეტებით ანადგურებს დონეცკის ოლქს.
24 დაღუპული და კიდევ 20 ადამიანი, რომლებსაც მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის ერთი 9 წლის ბიჭია - ასეთი კვალი დატოვა რუსულმა რაკეტებმა ჩასივ-იარში საცხოვრებელ კორპუსზე მოხვედრის შემდეგ. მაშველებმა, ნანგრევების ქვეშ 5 პირთან კონტაქტი უკვე შეძლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დონეცკის ოლქის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
სარაკეტო იერიში იყო საპორტო ქალაქ მიკოლაევშიც. 6 რაკეტიდან, ნაწილი ხორბლის ყანებში ჩამოვარდა და ხანძარი გააჩნია. კიევი დარწმუნებულია, რომ სასოფლო სავარგულებს საოკუპაციო ძალა მიზანმიმართულად წვავს, რათა ქვეყანაში სასურსათო კრიზისი შექმნას.
ბოლო 24 საათია იბომბება ხარკოვის საცხოვრებელი რაიონებიც. ადგილობრივები დღეს, დილითაც რამდენიმე ძლიერმა აფეთქებამ გააღვიძა - დაიღუპა 3 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის ორი არასრულწლოვანია.
ქალაქ ჩასივ-იარში, უკრანული მედიის ცნობით,4 რაკეტით, 3 სხვადასხვა საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ირგვლივ სტრატეგიული ობიექტები არ არის და მტერმა კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობას შეუტია.
დონეცკში დაიბომბა ქალაქი ბახმუტიც. მტერმა ცეცხლი აქაც მშვიოდბიან მოსახლეობას გაუხსნა, დასახლება თითქმის სრულად განადგურდა, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
დღეს დილით სამი აფეთქების ხმა გაისმა ხარკოვში - რუსული რაკეტა 6 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა.
უკრაინის ქალაქებში რუსული არმიის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს, ტრადიციული მიმართვით გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს პირობა მისცა, რომ მოსახლების მკვლელობისთვის რუსი ჯარისკაცები დაისჯებიან.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომ დაიბრუნონ უკრაინის სამხრეთით ის ოკუპირებული სანაპირო ზონები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დავალების შესასრულებლად უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას.