27 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ თბილისის კონფერენცია გამართა

"ქართული ოცნების" ცნობით, ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის თბილისის საბჭოს ხელმძღვანელი, ასევე შემადგენლობა წარუდგინა და ორგანიზაციის მიზნები გააცნო.

წილოსანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც პარტიას როგორც ქალი წევრების, ასევე ქალი ამომრჩევლების მიმართ ექნება.

"დღევანდელ შეხვედრას თბილისში, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხვოვანი და მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ჩვენ ჩვენი პარტიის წევრ ქალებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ვესაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომლებიც ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში, როგორც პარტიის წევრ ქალებთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად, ქალ ამომრჩეველთან მიმართებაში გვექნება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქალთა ორგანიზაციის ძირითადი მიზანი არის ქალების როლის წამოწევა პოლიტიკაში და არამხოლოდ, ქალების საჭიროებაზე მუდმივი მუშაობა", - თქვა წილოსანმა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები: რიმა ბერაძე, თამარ ტალიაშვილი, მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ნინო ვარდოსანიძე, ხატია წილოსანი. თბილისის კონფერენციით დასრულდა "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები, რომელიც ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში.

დღის ამბები